შს სამინისტრო ცდილობს, დააშინოს ადამიანები, რომლებსაც სურთ, მონაწილეობა მიიღონ 20 ოქტომბრისთვის დაგეგმილ „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალში“. მაგრამ ამით განზრახვაზე ხელს ვერ აგვაღებინებენ. პირადად მე კვლავ მზად ვარ, რომ ჩავიდინო მორიგი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „გირჩის“ ლიდერმა, საპრეზიდენტო კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ მას შემდეგ, რაც შს სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.
ზურაბ ჯაფარიძე სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტის ჩადენისკენ სხვას არავის მოუწოდებს და ამას მხოლოდ თავად აპირებს; თუმცა ჯერ არ იცის, კონკრეტულად რას გააკეთებს. თვლის, რომ ამით დაიცავს კონსტიტუციას და გამოიყენებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით (მისი და ვახტანგ მეგრელიშვილის მიერ) მოპოვებულ უფლებას. „გირჩის“ ლიდერის თქმით, რადგანაც საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის მოხმარება „თავისუფლების განვითარების უფლების ნაწილად“ მიიჩნია, ეს თავისთავად ნიშნავს იმასაც, რომ ადამიანისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს კანაფის ლეგალურად მოპოვების გზები - ან კულტივაცია, ან ყიდვა. ჯაფარიძის თქმით, ფესტივალის მიზანია, რომ მოხდეს კანაფის კულტივაციისა და „კოფი შოპების“ დაშვება საქართველოში.
ზურაბ ჯაფარიძე „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალში“ მონაწილეობისკენ მოუწოდებს თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა ადამიანს, რომელთაც ესმით, რომ „დღეს თავისუფლების ხაზი სწორედ კანაფის საკითხზე გადის“. „ერთ მხარეს დგას „გირჩი“ და თავისუფლება, ხოლო მეორე მხარეს - ხელისუფლება, მთელი ოპოზიციური სპექტრი და საპატრიარქო. მოვუწოდებ ყველას, მიიღონ მონაწილეობა მხიარულ ფესტივალში, სადაც ასევე წარმოდგენილი იქნება კანაფის თემასთან მომიჯნავე ბევრი სხვადასხვა ბიზნესი. ამ დღეს ხალხი შეიძლება ისტორიული ფაქტის მომსწრეც გახდეს, როცა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, პოლიციამ შესაძლოა დააპატიმროს საპრეზიდენტო კანდიდატი“, - უთხრა საპრეზიდენტო კანდიდატმა რადიო თავისუფლებას.
„გირჩის“ ჩანაფიქრს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გახმაურდა, შს სამინისტრო აფასებს როგორც „დანაშაულის ორგანიზების განზრახვას, სამართალდარღვევების ჩადენისკენ მოწოდებასა და მოქალაქეთა წახალისებას, ჩაებან კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში“. 12 ოქტომბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ითქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებას გულისხმობს.
„საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გასაღება, მოხმარება და პოპულარიზაცია დასჯადია. ნარკოტიკული საშუალების ოდენობის გათვალისწინებით, აღნიშნული ქმედებებისთვის განსაზღვრულია როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. სისხლის სამართლის წესით ისჯება, ასევე , ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ორგანიზება“ - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.