აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, ჯორჯ კენტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ ქვეყნის ცხოვრების დადებით მხარეებზე და ახსოვდეთ, რომ მათი ქვეყნის „ნამდვილი მტერი ქართველი არ არის“.
12 ოქტომბერს ჯორჯ კენტმა შეხვედრები გამართა ქართველ პოლიტიკოსებთან, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. თბილისში, აშშ-ის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე მან ყურადღება გაამახვილა წინასაარჩვნო კონტექსტზე საქართველოში:
„საქართველო არის ეუთოს წევრი და ამ ორგანიზაციის სტანდარტები მკაფიოა: არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი, დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების გარეშე“.
სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ილაპარაკა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ პოლიტიკოსების რიტორიკაზე:
„არჩევნებს ყველა ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის ჩათვლით, ახლავს მწვავე რიტორიკა. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ქართველებს შორის დიალოგი დარჩება ცივილიზებულობის ფარგლებში და განსაკუთრებით, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს არ დაესხმიან თავს მათი, როგორც მოქალაქეების მიერ აზრის გამოხატვის უფლების განხორციელების გამო“.
ჯორჯ კენტი განმარტავს, რომ „ყველა დემოკრატიულ ქვეყანაშია დაძაბულობა საზოგადოების წევრებსა და კაბინეტებში მსხდომთ შორის. ასეა აშშ-სა და საქართველოში. თუმცა, ჯანსაღ დემოკრატიულ საზოგადოებაში ამ ორს შორის არის ჯანსაღი ბალანსი და დინამიკა“.
რაც შეეხება წინასაარჩევნო კონტექსტში თავად პოლიტიკოსთა შორის დაპირისპირებასა და ერთმანეთის მოღალატეობაში დადანაშაულებას, ჯორჯ კენტი უკრაინის შიდაპოლიტიკურ ვითარებასთან ავლებს პარალელს და ორივე ქვეყანას შეახსენებს, ვინ არის მათი ნამდვილი მტერი:
„ვფიქრობ ისეთ ქვეყნებში, როგორებიც საქართველო და უკრაინაა - ორივე მათგანმა განიცადა რუსეთის აგრესია და აქვთ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები - პოლიტიკურმა კანდიდატებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ ქვეყნის ცხოვრების დადებით მხარეებზე და ახსოვდეთ, რომ ნამდვილი მტერი ქართველი არ არის“.