საერთაშორისო საპოლიციო უწყებამ, ინტერპოლმა განაცხადა, რომ ჩინეთის ხელისუფლებას მოსთხოვა ინფორმაცია ორგანიზაციის პრეზიდენტის, მენ ჰონვეის შესახებ, რომელიც, როგორც ჩანს, ჩინეთში მოგზაურობისას გაუჩინარდა.
6 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ინტერპოლი, რომელსაც საფრანგეთის ქალაქ ლიონში უდევს ბინა, იმედს გამოთქვამს, რომ ჩინეთის ხელისუფლება ოფიციალურად გასცემს პასუხს მის შეშფოთებას ორგანიზაციის პრეზიდენტის გაუჩინარებასთან დაკავშირებით.
ამასობაში საფრანგეთის პოლიციამ დაცვაზე აიყვანა ჰონვეის მეუღლე. მანამდე ინტერპოლის პრეზიდენტის ცოლმა განაცხადა, რომ ემუქრებოდნენ ტელეფონით და სოციალურ ქსელებზე.
მენ ჰონვეი სექტემბრის ბოლოს გაემგზავრა ჩინეთში და მას შემდეგ არ გამოსულა კონტაქტზე. გუშინ ჰონ-კონგის პრესა იტყობინებოდა, რომ ინტერპოლის პრეზიდენტი, დიდი ალბათობით, დაკავებულია ჩინეთის ხელისუფლების მიერ, ვინაიდან მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. საფრანგეთის გაზეთი „მონდი“ გამოთქვამს ვარაუდს, რომ ჰონვეის დაკავება დაკავშირებულია მის ბრძოლასთან ჩინეთის მმართველ წრეებში გავლენის მოსაპოვებლად.
მენ ჰონვეი ორი წლის წინათ ჩაუდგა სათავეში ინტერპოლს. ის ჩინეთის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც ეს პოსტი დაიკავა.