დღეს თეირანში იმართება ირანის, თურქეთისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა, რომელსაც უკავშირდება იმედი, რომ შესაძლებელი იქნება შეთანხმება სირიაში ოპოზიციის ბოლო დასაყრდენზე მასშტაბური იერიშის თავიდან ასაცილებლად. ამჟამად სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარები ემზადებიან სამხედრო ოპერაციისათვის იდლიბის პროვინციაზე კონტროლის დასამყარებლად. იდლიბში, რომელიც თურქეთს ესაზღვრება, სამმილიონიანი მოსახლეობაა. იქ იმყოფება აგრეთვე ასადთან მებრძოლი ათიათასობით შეიარაღებული მეამბოხე. შიშობენ, რომ სამხედრო იერიშს დიდი სისხლისღვრა მოჰყვება. წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის, თურქეთისა და ირანის ლიდერები შეეცდებიან შეთანხმებას იდლიბზე, გაეროს შეფასებით, „კატასტროფული იერიშის“ თავიდან ასაცილებლად. მეამბოხეებს შორის არის ალ-ყაიდის მოკავშირე, სავარაუდოდ, 10 ათასამდე მეომარი. სირიისათვის და მისი მოკავშირე რუსეთისათვის იდლიბს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ესაზღვრება ლატაკიის პროვინციას, სადაც სირიაში რუსეთის უდიდესი სამხედრო-საჰაერო ბაზა მდებარეობს. ხოლო თურქეთი მხარს უჭერს მეამბოხეების ბევრ ჯგუფს ამ პროვინციაში.