ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში სამმა ყოფილმა პრეზიდენტმა, კონგრესის წევრებმა, მსოფლიოს ამჟამინდელმა და ყოფილმა ლიდერებმა, ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა მიაგეს პატივი სენატორ ჯონ მაკკეინის ხსოვნას. ცერემონია გახსნა მაკკეინის ქალიშვილმა, მეგან მაკკეინმა, ემოციური და მტკივნეული გამოსვლით. "აქ შევიკრიბეთ, რათა ვიგლოვოთ ამერიკული დიდების წასვლა - ნამდვილი რაღაცის, და არა იაფფასიანი რიტორიკის იმ კაცების მხრიდან, რომლებიც ახლოსაც ვერ მივლენ მის მიერ ნებაყოფლობით გაღებულ მსხვერპლთან, არც მათ მიერ თავიანთი კომფორტული და პრივილეგირებული ცხოვრების ოპორტუნისტული გამოყენების მაშინ, როცა ის იტანჯებოდა და ქვეყანას ემსახურებოდა" - თქვა მეგან მაკკეინმა. ტაძარში შეკრებილთა შორის პირველ რიგში ისხდნენ ბარაკ და მიშელ ობამები, ჯორჯ და ლორა ბუშები, ბილ და ჰილარი კლინტონები, ისევე, როგორც დიკ ჩეინი და ელ გორი. დემოკრატი ობამა და რესპუბლიკელი ბუში სიტყვით გამოვიდნენ და გაიხსენეს ექვსი ვადით სენატორი, ჯონ მაკკეინი. ეს ბოლო საჯარო ღონისძიება იყო ვაშინგტონში, სადაც მაკკეინი ოთხი ათწლეულის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა. ჯონ მაკკეინი 25 აგვისტოს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.