მარნეულის მე-5 საჯარო სკოლის პედაგოგები გაოგნებულნი არიან მათი სკოლის მოსწავლის, 17 წლის ახალგაზრდის სავარაუდო თვითმკვლელობის ფაქტით, რომელიც მოხდა 1 სექტემბერს, სოფელ წერეთელში.
" აბსოლუტურად გახსნილი, კომუნიკაბელური და მხიარული ახალგაზრდა იყო. საუკეთესოდ სწავლობდა. რა მოხდა ამ ზაფხულს, არ ვიცით", - უთხრა რადიო თავისუფლებას სკოლის დირექტორმა ლელა ხარშილაძემ.
1 სექტემბერს, გამთენიისას, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის მკვიდრი ახალგაზრდა ჩამომხვრჩალი ნახეს.
ადგილობრივების განცხადებით, პოლიციამ მისი მობილური ტელეფონი წაიღო.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.