გვიან ღამით მცხეთის პოლიციაში დასრულდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გათავისუფლებული საქართველოს 5 მოქალაქის გამოკითხვა. როგორც პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა ვახტანგ გუბელაძემ განუცხადა, დაკავების შემდეგ რუსმა სამხედროებმა თავდაპირველად რუსულ სამხედრო ბაზაზე წაიყვანეს, შემდეგ კი სამი დღე ცხინვალის იზოლატორში იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, ფიზიკურ ან სიტყვიერ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. როგორც გათავისუფლებულები აცხადებენ, მათი დაკავება ყელიწადის ტბაზე მას შემდეგ მოხდა, რაც გზა აებნათ. დღის განმავლობაში ერგნეთში აღმართულ ბეტონის საოკუპაციო კედელთან ახალგაზრდებს მშობლები ელოდნენ. გატაცებულების მშობლები გამორიცხავენ, რომ ქართველ მოლაშქრეებს გზა აებნათ და საოკუპაციო რეჟიმის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვდნენ, რადგან ყოველი მათგანი გამოცდილი მთამსვლელია. თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლება თრუსოს ხეობაში ლაშქრობაში მყოფი 5 ახალგაზრდა ორი დღის წინ 28 აგვისტოს დააკავა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით ისინი გაათავისუფლეს გარკვეული საჯარიმოს თანხის 2000 რუსული რუბლის (დაახლოებით 70 ლარის), გადახდის შემდეგ.