ჯერ ისევ დაკარგულია პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომლის ბორტზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება. საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ გემი გვინეის ყურეში მეკობრეების თავდასხმის სამიზნე გახდა. ყურეში რამდენიმე ქვეყანაა, თუმცა ყურადღება მაინც გაბონის რესპუბლიკაზე მახვილდება, რადგან გემ „პანტელენას“ (Pantelena IMO 9321469) ტვირთი სწორედ გაბონის დედაქალაქ ლიბრევილში უნდა ჩამოეცალა. გემს დიზელი გადაჰქონდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, „პანტელენასთან“ კავშირი 14 აგვისტოს გაწყდა; ხოლო ბოლო კონტაქტი აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე, გვინეის ყურეში დაფიქსირდა. უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები და პროცესში ჩართულია როგორც რეგიონის საზღვაო სამხედრო ძალები, ასევე - გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ცენტრი UKMTO.
„გემთმფლობელი ბერძნული კომპანია Lotus Shipping აწარმოებს მოძიების სამუშაოებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად, კოორდინირებულად მუშაობს გემთმფლობელ კომპანიასთან ვითარების გარკვევის მიზნით. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ პანამის დროშის ორგანიზაციასთან“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.