სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ათიათასობით მომხრე შეიკრიბა ერევნის ცენტრში, მთავრობის სათავეში მისი მოსვლის მე-100 დღის აღსანიშნავად. ფაშინიანმა აქციას უწოდა „ეროვნული ერთიანობის დემონსტრირება“. მანამდე, ასევე 17 აგვისტოს, ის დემონსტრანტებს გაუძღვა ქუჩისაკენ, საიდანაც „გაიტაცეს“ უშიშროების ძალებმა აპრილის დემონსტრაციების დროს, რომელთაც მოჰყვა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, სერჟ სარქსიანის გადადგომა. საპროტესტო აქციების დროს ფაშინიანი დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, შემდეგ კი პარლამენტმა ის პრემიერ-მინისტრად აირჩია. 43 წლის პოლიტიკოსმა 17 აგვისტოს ფეისბუკის პირდაპირ ეთერში მიმართა თანამემამულეებს, მათ მოუწოდა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისაკენ. მთავრობის სათავეში ფაშინიანის ჩადგომის შემდეგ, სომხეთში დაკავებულ იქნენ რამდენიმე გავლენიანი ადამიანი და მათთან დაკავშირებული პირები. ყველაზე გახმაურებული შემთხვევაა ივლისში ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის დაკავება 2008 წლის დემონსტრაციების დროს მიღებული ზომებისათვის. ქოჩარიანს ბრალად წაუყენეს „კონსტიტუციური წესრიგის დამხობა“. 13 აგვისტოს ის ციხიდან გაათავისუფლეს ერევნის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს არგუმენტად მოჰყავს კონსტიტუციის მუხლი, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პრეზიდენტის სამართლებრივი დევნა მის თანამდებობასთან დაკავშირებული ქმედებებისათვის.