დაკარგულია გემი, რომლის ბორტზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები. პროცესში ჩართულია როგორც რეგიონის საზღვაო სამხედრო ძალები, ასევე - გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ცენტრი UKMTO.
„პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემთან Pantelena IMO 9321469, რომელიც ახდენდა ნავთობის ტრანსპორტირებას და მის ბორტზე 17 ქართველი მეზღვაურია, 14 აგვისტოს გაწყდა კავშირი. ბოლო კონტაქტი დაფიქსირდა აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე, გვინეის ყურეში. გემთმფლობელი ბერძნული კომპანია Lotus Shipping აწარმოებს მოძიების სამუშაოებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად, კოორდინირებულად მუშაობს გემთმფლობელ კომპანიასთან ვითარების გარკვევის მიზნით. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ პანამის დროშის ორგანიზაციასთან“, - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.