სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა, რომელიც ამ პოსტზე ასი დღის განმავლობაში იმყოფება მოულოდნელი და უეცარი აღზევების შემდეგ, პირობა დადო, რომ დააჩქარებს რეფორმების გატარებას ქვეყანაში. ყოფილი ოპოზიციონერი აქტივისტი პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად მაისში აირჩია. პაშინიანმა 16 აგვისტოს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რომ იწყება ახალი ეტაპი, რომლის ძირითადი არსი სწრაფ რეფორმებში მდგომარეობს. სომხეთის პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ამ პოსტის დაკავების შემდეგ განვლილ ასდღიან პერიოდში მისმა გუნდმა მთავარი ამოცანა შეასრულა - პოსტრევოლუციურ პერიოდში უზრუნველყო სახელმწიფო ინსტიტუტების რეგულარული მუშაობა და ეკონომიკური განვითარება.