17 აგვისტოს ავღანეთის პრეზიდენი აშრაფ ღანი ჩავიდა ქალაქ ღაზნიში, ამავე სახელწოდების პროვინციის დედაქალაქში, სადაც ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს ბრძოლები თალიბებსა და სამთავრობო ძალებს შორის. ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ინტენსიური ბრძოლების შემდეგ შეძლეს ექსტრემისტების განდევნა ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან, თუმცა ოპერატიული ვითარება კვლავ რთული რჩება ქალაქის შემოგარენში. გავრცელებული ინფორმაციით, ორი ჭურვი ჩამოვარდა ღაზნიში იმ დროს, როდესაც ავღანეთის პრეზიდენტი ქალაქის ერთ-ერთ მეჩეთში უხუცესებთან და სამხედრო მეთაურებთან მართავდა შეხვედრას. ინცინდენტზე პასუხისმგებლობა მომხდარისთანავე არავის აუღია. მანამდე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მატისმა ვითარება ღაზნიში დაახასიათა, როგორც „ბევრად უფრო სტაბილური“, მაგრამ დასძინა, რომ მებრძოლთა ნაწილი კვლავ რჩება ქალაქში და ცდილობს „მარაგების შევსებას“. ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, ერთკვირიანი ბროლების შედეგად დაიღუპა უსაფრთხოების ძალების 100 წევრი და 30 სამოქალაქო პირი. ღაზნის დამცვლეებმა გაანადგურეს ათობით თალიბი.