რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქ სანქტ-პეტერსბურგში პოლიციამ დააკავა 30 ადამიანი, როცა აქციას მართავდნენ ლესბოსელთა, გეიების, ბისექსუალთა და ტრანსგენდერთა თემის აქტივისტები. აქციის რამდენიმე ათეულ მონაწილეს, რომლებიც აკრძალვის მიუხედავად მივიდნენ „სასახლის მოედანზე“, ხელში ეჭირათ ფერადი დროშები და პლაკატები. ქალაქის ხელისუფლებამ არ დართო მათ აქციის ჩატარების ნება, რის შემდეგაც ორგანიზატორებს სურდათ ერთკაციანი პიკეტები მოეწყოთ შეკრების თავისუფლების მოთხოვნით. მთავრობის არგუმენტით, დემონსტრაცია არ უნდა ჩატარებულიყო, რადგან ქალაქში გზების აღდგენა მიმდინარეობს და, ამასთან ის „საფრთხეს შეუქმნიდა ბავშვების ჯანმრთელობას“. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება არ ყოფილა. 2013 წლის შემდეგ რუსეთში კანონი კრძალავს გეიების „პროპაგანდის“ გავრცელებას.