ხორავას ქუჩის საქმის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მოზარდების გამოკითხვის პროცერსი დაიწყო. კომისიის წევრის, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის ირაკლი აბესაძის თქმით, დღეს ოთხ არასრულწლოვანს გამოკითხავენ და მათ შორის არიან ჩხუბში მონაწილე პირებიც. დღეს ასევე გამოიკითხება კიდევ ერთი პირი, რომელიც გამოძიების მიმდინარეობის პროცესში არავის გამოუკითხავს. აბესაძის თქმით, დღეს გამოსაკითხი პირები შესაძლოა ფლობდნენ მნიშვნელოვან ინფორმაციას ორი მოზარდის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით და ასევე, შესაძლოა, ფლობდნენ ინფორმაციას ხორავას ქუჩის კონფლიქტის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის საქმის საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ორშაბათიდან უკვე შეგროვებული ინფორმაციის გადამუშავებისა და გაანალიზების პროცესს დაიწყებს. 2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, ორი მოზარდი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს.