რუსეთის დაზვერვამ მოიპოვა აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტზე დამკვირვებელი საერთაშორისო ჯგუფის შიდა დოკუმენტები, მათ შორის ასამდე თანამშრომლის პირადი მონაცემების შემცველი დოსიეები - იუწყება გერმანიის ტელევიზია ARD და დასძენს, რომ გაჟონვა ჯაშუშის, სავარაუდოდ ერთ-ერთი თანამშრომლის ხელით მოხდა. 16 ივლისს ნაჩვენებ სიუჟეტში ითქვა, რომ მონაცემებს ახლა რუსეთის ეფესბე ფლობს. უკრაინაში ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 16 ივლისს შეშფოთება გამოთქვა ამ ინფორმაციის გამო - "მისია შეშფოთებულია ცნობებით მისი უსაფრთხოების შესაძლო დარღვევის შესახებ და აპირებს სრულად, პროცედურებთან შესაბამისად შეისწავლოს გავრცელებული ინფორმაცია", ვკითხულობთ განცხადებაში. რადიო თავისუფლება ეუთოს მისიას იმეილითაც დაუკავშირდა, თუმცა მისიამ დამატებით კომენტარზე უარი თქვა.