ტაილანდში გრძელდება ოპერაცია დატბორილ მღვიმეში დარჩენილი ცხრა ადამიანის გადასარჩენად. მღვიმეში კვლავ ბრუნდებიან მყვინთავები. ვრცელდება კადრები, რომ მღვიმის შესასვლელს სასწრაფო დახმარების მანქანები ტოვებენ, იმ ფონზე, როცა არის დაუდასტურებელი ცნობები, რომ უკვე მოხერხდა რამდენიმე ბიჭის გამოყვანა. ოპერაციის პირველ დღეს, 8 ივლისს დილით ადრე საერთაშორისო მაშველებმა ოთხი ბიჭი გამოიყვანეს, 12 ბიჭისგან და მათი 25 წლის მწვრთნელისგან შემდგარი ჯგუფიდან, რომლებიც ორ კვირაზე მეტია დასავლეთ ტაილანდის მღვიმეში არიან ჩარჩენილები. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ოთხ გადარჩენილ ბიჭს შიმშილი აწუხებს, თუმცა ზოგადად ისინი თავს კარგად გრძნობენ. გადარჩენილი ბიჭების სახელებს ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ, მათ არც ოჯახებთან შეხვედრის საშუალება მისცემიათ ფართო სამედიცინო შემოწმების ჩატარებამდე. ბიჭების ჯგუფი, რომელთა ასაკი 11-დან 16 წლამდეა, მწვრთნელთან ერთად მღვიმეს ათვალიერებდა 23 ივნისს, თუმცა ძლიერი წვიმის შედეგად უკან დაბრუნება ვეღარ შეძლო. ტაილანდის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ მეორე ოპერაციაში მონაწილეობას მიიღებს ბევრი ის მაშველი, ვინც 8 ივლისის პირველ ოპერაციაშიც მონაწილეობდა, რადგან ისინი უკვე იცნობენ გამოქვაბულს. მაშველებმა საშიში და რთული გზა უნდა გაიარონ მღვიმეში ჩარჩენილ ჯგუფთან მისასვლელად და შემდეგ ბიჭები სათითაოდ უნდა გამოიყვანონ გარეთ, სანამ ძლიერი წვიმა კიდევ უფრო მეტად გაზრდის წყლის დონეს მიწის ქვეშ.