ევროპის ქვეყნები, რომლებიც ირანის ბირთვულ პროგრამაზე 2015 წლის შეთანხმების ხელმომწერებს შორის არიან, შეერთებულ შტატებს სთხოვენ, არ დასაჯოს ევროკავშირის ფირმები ირანთან ბიზნესის კეთებისათვის. ამ თხოვნით ვაშინგტონს მიმართავენ წერილში, რომელსაც ხელს აწერენ გერმანიის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, ისევე როგორც ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი. 4 ივნისით დათარიღებული წერილის ადრესატები არიან აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. მიმდინარე თვეში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ გაიყვანა ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებიდან და დაიმუქრა ირანის საწინააღმდეგო სავაჭრო სანქციებით, ისევე როგორც „მეორადი სანქციებით“ კომპანიებისათვის, რომლებიც ირანთან ბიზნესით არიან დაკავებული. ევროპის ქვეყნები ცდილობენ, არ დაუშვან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების ჩაშლა. ეს შეთანხმება ითვალისწინებს ირანის პროგრამის შეზღუდვას ქვეყნის მიმართ ეკონომიკური სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. 4 ივნისის წერილში ევროპელი ოფიციალური პირები ასახელებენ მთავარ სფეროებს, რომლებსაც, მათი თხოვნით, არ უნდა შეეხოს აშშ-ის დამსჯელი ზომები. ასეთ სფეროებს შორის არის ჯანდაცვა, ენერგეტიკა, სამოქალაქო ავიაცია და ინფრასტრუქტურა.