„მთელი პასუხისმგებლობა თუ რუსთავი 2-ის რომელიმე თანამშრომელზე, მათ შორის გიორგი გაბუნიაზე, რაიმე ძალადობრივი ქმედება განხორციელდება, დღეიდან საქართველოს საპატრიარქოს ეკისრება” – განუცხადა „ნეტგაზეთს“ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ. ის გამოეხმაურა სინოდის წევრის, მიტროპოლიტ იობის ქადაგებას, სადაც მან გიორგი გაბუნია დაწყევლა და საპატრიარქოს განცხადებას, რომელიც შეიცავს მოწოდებას „რუსთავი 2“-ის ბოიკოტირებისკენ. „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ნიკა გვარამიას სჯერა, რომ საპატრიარქოს ამ განცხადების უკან ილია მეორე არ დგას და ის საქმის კურსში არ არის, რა განცხადებებს ავრცელებს ინსტიტუცია. “საქართველოს საპატრიარქოს შიგნით არსებული დაჯგუფება იქცევა სრულიად სამარცხვინოდ, ვგულისხმობ მათ, ვინც საპატრიარქოს სახელით გამოდის და ლაპარაკობს, იობი სწორედ მათ შორის არის. სწორედ საპატრიარქო მეუფე იობის ქმედებებით, დღევანდელი განცხადებებით აღვივებს საშიშროებასაც ადამიანთა ანგარიშსწორების თვალსაზრისით“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ. მისი განმარტებით, „რუსთავი 2“-ის პოზიციაა, რომ გიორგი გაბუნიას ეთიკის არც ერთი სტანდარტი არ დაურღვევია.
„რუსთავი 2“-ის გადაცემაში “არჩევანი,” რომელიც ეძღვნებოდა კანონპროექტს “კულტურის შესახებ,“ კერძოდ, სასამართლოს მიერ გარკვეულ შემთხვევებში შემოქმედებითი ნაწარმოებების შესაძლო აკრძალვას, წამყვანმა გიორგი გაბუნიამ მხატვრის, ლია უკლებას სტუმრობისას მაყურებელს წარუდგინა მისი ნახატი “მარიამი სათამაშო პისტოლეტით.”