გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰეიკო მაასი აშშ-ში იმყოფება და მართავს შეხვედრებს, რომელთა თემაა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ ირანთან 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულებიდან აშშ-ის გასვლა და მისი შედეგები. ორი დღით ადრე აშშ-მა განაცხადა, რომ ირანს დაუწესებს "უმკაცრეს სანქციებს". აშშ გადის მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ ირანთან 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულებიდან. ამ შეთანხმების ფარგლებში ირანს ეკონომიკური სანქციები მოეხსნა, ბირთვული პროგრამის შეკვეცის სანაცვლოდ. აშშ-სა და ირანის გარდა, ხელშეკრულების ხელმომწერები იყვნენ გერმანია, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი და რუსეთი. აშშ-ის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს ვაშინგტონის ევროპელმა მოკავშირეებმა, რომლებიც მას შემდეგ თეირანთან მოლაპარაკებას აწარმოებენ ხელშეკრულების გადასარჩენად. ჩინეთი და რუსეთიც აცხადებენ, რომ ხელშეკრულების ერთგულები რჩებიან. "გერმანიაში და ევროპაში ყველაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ ხელშეკრულება შენარჩუნდეს და ირანი მის ფარგლებში დარჩეს" - განაცხადა მაასმა 22 მაისს, კონგრესის წევრებთან შეხვედრის შემდეგ და დასძინა, ეს პოზიცია ჩვენივე უსაფრთხოების ინტერესებში შედისო.