საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა რიგგარეშე ყრილობა დანიშნა. დავით ქევხიშვილის გადაწყვეტილებით, ძიუდოისტები 10 მაისს შეიკრიბებიან, შიდა დაპირისპირების ყველა მიზეზს გააანალიზებენ და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ერთობლივად მიიღებენ. საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების წევრები კი ყრილობამდე მოცდას არ აპირებენ და ფედერაციის პრეზიდენტს 7 მაისისთვის სთხოვენ მათ კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხის გაცემას.
სპორტსმენების მთავარი მოთხოვნა დავით ქევხიშვილის თანამდებობიდან გადადგომაა. ნაკრების წევრები უკვე რამდენიმე დღეა აღარ ვარჯიშობენ და არ აპირებენ დარბაზში შესვლას, ვიდრე მათი ულტიმატუმი არ დაკმაყოფილდება. ძიუდოისტები ფედერაციის პრეზიდენტს ადანაშაულებენ ქართული ძიუდოს ბოლოდროინდელ წარუმატებლობებში.
„7 მაისს, დილის 12 საათზე ძიუდოს აკადემიაში ჟურნალისტებთან და გულშემატკივრებთან ერთად მივალთ და მათი თანდასწრებით მოვთხოვთ ქევხიშვილს ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემას. არანაირი დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკება“ - თქვა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ევროპის სამგზის ჩემპიონმა ვარლამ ლიპარტელიანმა 5 მაისს, ვაკის პარკში გამართულ საპროტესტო აქციაზე.