რუსეთის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დააკავეს ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის ასობით მხარდამჭერი. აქციები იმართება ორი დღით ადრე პუტინის მორიგ ინაუგურაციამდე პრეზიდენტად. აქციები დაგეგმილი იყო 90-მდე ქალაქში, მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის ჩათვლით, თუმცა მათგან მხოლოდ რამდენიმემ მიიღო სანქცია ადგილობრივი მთავრობებისგან. აღმოსავლეთ რუსეთისა და ციმბირში გამართული აქციებიდან ვრცელდება ცნობები პოლიციის მიერ ათობით დემონსტრანტის დაკავების შესახებ. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ციმბირის ქალაქ კრასნოიარსკში 150 დემონსტრანტია დაკავებული, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკების შემდეგ. რუსეთის პრეზიდენტობის მეოთხე ვადის დასაწყებად პუტინის ინაუგურაცია 7 მაისს უნდა გაიმართოს, რითიც გახანგრძლივდება მისი 18-წლიანი მმართველობა - რომლის დროსაც, პუტინის მომხრეთა აზრით, მან ქვეყანა "დაჩოქილი მდგომარეობიდან წამოაყენა", პუტინის მოწინააღმდეგეთა შეფასებით კი დაამყარა კორუმპირებული ავტოკრატია. ნავალნის, რომელმაც ბევრჯერ მოაწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები და არაერთი ანგარიში გამოაქვეყნა რუსეთის მმართველ ელიტაში გამეფებულ კორუფციაზე, არ მისცეს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ფინანსური დანაშაულის ბრალდების საფუძველზე, რომელსაც თავად ოპოზიციონერი შეთითხნილად მიიჩნევს. ნავალნის მიერ ორგანიზებული 5 მაისის აქციები იმართება ლოზუნგით "ის ჩვენი მეფე არ არის".