26 აპრილს თბილისში, დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს აფხაზეთში 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული მებრძოლების ნეშტები. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სამარხების მოძიება და ნეშტების ოჯახებისთვის გადაცემა შესაძლებელი გახდა „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ ეგიდით მოქმედი საკოორდინაციო მექანიზმით, რომელშიც ჩართულნი არიან საქართველოს მთავრობის და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები. 18 მებრძოლთან ერთად თბილისის მიერ კონტროლრებულ ტერიტორიაზე გადაასვენეს 4 სამოქალაქო პირი. 25-26 აპრილს, სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა სამების საკათედრო ტაძარში. შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა მოძიებული ნეშტების იდენტიფიცირებაც „წითელი ჯვრის“ ეგიდით ხორციელდება. საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში უკვე გამართულია 11 ქართულ-აფხაზური შეხვედრა. ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია 148 ადამიანის ნეშტი.