საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ის არ მოელის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გააგრძელებს ირანის ხელშეკრულებაში მონაწილეობას, რადგან წინასაარჩევნო კამპანიისას ტრამპი აცხადებდა, რომ გამოეთიშებოდა შეთანხმებას. ვაშინგტონში სამდღიანი ვიზიტის ბოლოს, მაკრონმა თქვა, ტრამპი ხელშეკრულებას გამოეთიშება "თავისით, შიდა მიზეზების" და კამპანიის დროს დადებული პირობის გამო. ვიზიტის ფარგლებში მაკრონმა რამდენიმე საათი გაატარა ტრამპთან საუბარში, მანამდე ის თვეების განმავლობაში ცდილობდა ტრამპის დარწმუნებას დარჩენილიყო ირანთან 2015 წელს მიღწეულ, საეტაპო მნიშვნელობის ხელშეკრულებაში. ამ შეთანხმებით, რომელიც ირანმა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან გააფორმა, თეირანს სანქციები მოეხსნა მისი ბირთვული პროგრამის შეკვეცის სანაცვლოდ. 24 აპრილს ორმა ლიდერმა განაცხადა, რომ სურთ ახალი, კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი შეთანხმების გაფორმება, რომელიც გასცდება ბირთვულ ხელშეკრულებას და მოიცავს ტრამპის მიერ წარმოჭრილ საკითხებს, რომლებიც ეხება ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამას და ჩართულობას სირიისა და იემენის სამოქალაქო ომებში. მაგრამ ტრამპი, ისევე როგორც წინასაარჩევნო კამპანიისას, აგრძელებს ბირთვული შეთანხმების კრიტიკას და მას უწოდებს "გიჟურს" და "სასაცილოს". შიდა ინფორმაცია არ მაქვს იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ტრამპიო, უთხრა მაკრონმა ჟურნალისტებს და დასძინა: "მისი ყველა განცხადების რაციონალური ანალიზი არ მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ ის ყველაფერს გააკეთებს მის შესანარჩუნებლად".