საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება არ ნიშნავს აღმასრულებელ ხელისუფლებაში მის დაბრუნებას. თალაკვაძის თქმით, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარმატებით გააგრძელებს დაწყებულ საქმეს და პარლამენტიც ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობით, სრულად დაუჭერს მხარს რეფორმებს და საზოგადოებისთვის მიცემული დაპირებების შესრულებას. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება იყო გიორგი კვირიკაშვილის დიდი ხნის ინიციატივა და პრემიერ-მინისტრმა ამ მიზნით რამდენიმე კონსულტაციაც გამართა ყოფილ პრემიერთან. „დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით პარტია გახდება კიდევ უფრო ეფექტური და საერთო ჯამში, ეს გააჯანსაღებს პოლიტიკურ პროცესს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს" - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. რაც შეეხება გავრცელებულ ვერსიას, რომ ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა, იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან,“ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ეს საკითხი დღეს განხილული არ ყოფილა.“ კობახიძის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი დარჩება პარტიაში და ექნება საკვანძო როლი პარტიის განვითარების და გაძლიერების პროცესში.