რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სირიის ჰომსის პროვინციაში სამთავრობო ძალების საავიაცო ბაზაზე თავდასხმა განახორციელეს ისრაელის არმიის თვითმფრინავებმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 9 აპრილს, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების F-15 ტიპის ორმა თვითმაფრინავმა სირიის საჰაერო სივრცეში შეუსვლელად, ლიბანის ტერიტორიიდან 8 მართვადი რაკეტით მიიტანა იერიში სირიის არმიის ბაზაზე. რუსი სამხედროების მტკიცებით, სამმა რაკეტამ მიაღწია ბაზის ტერიტორიაზე მდებარე აეროდრომის დასავლეთ ნაწილამდე, 5 რაკეტა კი სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებითვე, საავიაციო ბაზაზე მყოფი რუსი სამხედროები არ დაშავებულან. ისრაელის არმიის სარდლობა ამ ინფორმაციის კომენტირებაზე ჯერჯერობით უარს ამბობს. სირიის სახელმწიფო მედიასაშუალებებმა 9 აპრილს, დილით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ჰომსის პროვინციაში მდებარე საავიაციო ბაზაზე. სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, დაღუპულია 14 ადამიანი, მათ შორის პრეზიდენტ ასადის მხარდამჭერი ირანელი მებრძოლები.