ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 5 აპრილს დაშავებული სამი მაღაროელიდან ერთი საავადმყოფოდან გაწერეს. ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში რჩება ორი მაღაროელი. მათგან ერთი კლინიკას უახლოეს ხანში დატოვებს. კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაშია ყველაზე მძიმედ დაშავებული 55 წლის მეშახტე, რომელსაც თავის და გულ-მკერდის მასიური ტრავმა და სახის ძვლების მოტეხილობა აქვს. ექიმების ინფორმაციით, მძიმე ტრავმების მიუხედავად მაღაროელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მინდელის შახტის მფლობელი კომპანიის, „საქნახშირის“ ინფორმაციით, კოპანია სრულად აანაზრაურებს დაშავებულთა სამედიცინო მომსახურების ხარჯებს. „საქნახშირის“ ცნობითვე, თითოეული დაღუპული მაღაროელის ოჯახი მიიღებს როგორც დაზღვევის, ისე სარეზერვო ფონდის თანხას, რაც საერთო ჯამში, დაახლოებით 50 ათასი ლარია. 5 აპრილს, გამთენიისას მინდელის სახელობის შახტში დაიღუპა 6 მაღაროელი. „საქნახშირის“ წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედია გამოიწვია ე.წ. სამთო დარტმამ.