საქართველოში დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეა. 27 წელი გავიდა 1991 წლის 31 მარტს საქართველოში გამართული საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმიდან. ამ დღეს დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი დაუჭირა საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98 %-მა.
რეფერენდუმიდან რამდენიმე დღეში,1991 წლის 9 აპრილს, პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო “სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“.
საქართველოს მოსახლეობას რეფერენდუმის დღე ფეისბუკით მიულოცა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
"1991 წლის 31 მარტი გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში - ამ დღეს გამართული რეფერენდუმის შედეგებმა საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას და განსაზღვრა საქართველოს მომავალი... ამ ისტორიული დღის მთავარი მოქმედი პირი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია იყო, რომელსაც დღეს 79 წელი შეუსრულდებოდა. ვულოცავ მთელ საქართველოს რეფერენდუმის დღეს, ვუსურვებ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ერთიან და ძლიერ სახელმწიფოში ცხოვრებას." - წერს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.