აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ქიმიური ნივთიერებით, VX-ით მოწამლა ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ძმა, კიმ ჩენ ნამი. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ჰიზერ ნოიერტის ინფორმაციით, ამ ფაქტის გამო, ვაშინგტონმა ჩრდილოეთ კორეის უკანონო საქმიანობის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებს დაამატა ახალი შეზღუდვა, რომელიც ძალაში შევიდა 5 მარტიდან. ნოიერტი ახალი სანქციის შინაარსს არ აკონკრეტებს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ მკაცრად გმობს მკვლელობის მიზნით ქიმიური იარაღის გამოყენებას, რასაც აფასებს ქიმიური იარაღის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო ნორმებისადმი უპატივცემულობის საჯარო გამოვლინებად და ჩრდილოეთ კორეის ხელისუფალთა უგუნურების კიდევ ერთ დასტურად. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ძმა, კიმ ჩენ ნამი 2017 წლის თებერვალში, მალაიზიაში გარდაიცვალა. გამოძიების ინფორმაციით, კიმ ჩენ ნამს კუალა-ლუმპურის აეროპორტში ორმა ქალმა, ვიეტნამის და ინდონეზიის მოქალაქეებმა სახეზე მოახვიეს მომწამლავი ნივთიერებით გაჟღენთილი თავსაფარი.