აშშ-ის წარმომადგენლის ინფორმაციით, სირიაში, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა საჰაერო და სახმელეთო ძალებმა დახოცეს მთავრობის მომხრე 100-ზე მეტი მებრძოლი, მას შემდეგ, რაც პროვოცირების გარეშე განხორციელდა შეტევა აშშ-ის მოკავშირე, სირიის დემოკრატიული ძალების შტაბ-ბინაზე. აშშ-ის წარმომადგენელი, რომელიც ანონიმურობის დაცვის პირობით საუბრობს, ამბობს, რომ სირიის რეჟიმის მომხრე ძალები მოიცავდნენ 500-მდე სამხედროს, რომლებსაც ზურგს უმაგრებდა არტილერია, ტანკები, სარაკეტო სისტემები და ნაღმსატყორცნები. აშშ-ის ხელმძღვანელობთ მოქმედმა ძალებმა მანამდე გაავრცელეს ცნობა, რომ კოალიციის მრჩევლები სირიის დემოკრატიულ ძალებთან გაიგზავნენ მას მერე, რაც მის ბაზაზე იერიში მიიტანეს მდინარე ევფრატიდან 8 კილომეტრის მოშორებით, დეილ-ალ-ზორის პროვინციასთან ახლოს. "კოალიციის და პარტნიორების ძალების დაცვის მიზნით, კოალიციამ დარტყმები განახორციელა თავდამსხმელ ძალებზე, რათა აგრესიის აქტი მოეგერიებინა" ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტებთან ბრძოლაში, ვკითხულობთ განცხადებაში. ასევე ანონიმურად დატოვებულმა ოფიციალურმა პირებმა აშშ-ის მედიას უთხრეს, რომ შეტევის დროს აშშ-ის ძალებიდან არავინ დაშავებულა. ოფიციალურ განცხადებაში არ არის დაზუსტებული თავდამსხმელთა ან დაღუპულთა რაოდენობა მთავრობის მომხრე ძალებში.