აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, „ადამიანის შეცდომა“ გახდა მიზეზი იმისა, რომ შემთხვევით გასაიდუმლოებულ იქნა ავღანეთში ომზე ინფორმაციის ნაწილი, რომელიც აქამდე ხელიმისაწვდომი იყო. როგორც 30 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს ავღანეთში ნატოს სარდლობით მოქმედი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის პრესმდივანი, კაპიტანი ტომ გრესბეკი, „მტკიცე მხარდაჭერის მისიის მიზანი არ ყოფილა, გასაიდუმლოებულიყო ინფორმაცია, რომელიც წინა ანგარიშებში შედიოდა ხოლმე“. ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, დამოუკიდებელმა ფედერალურმა აუდიტორმა თავის კვარტალურ ანგარიშში აღნიშნა, რომ ნება არ მისცეს საჯაროდ გაევრცელებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამხელა ტერიტორიას აკონტროლებენ თალიბები და მთავრობა და რა ზომისაა ავღანეთის სამხედრო და საპოლიციო ჯარები.