თურქეთის თავდაცვის მინისტრი, ნურეტინ ჯანიკლი აცხადებს, რომ თურქეთმა სირიის აფრინის რეგიონში დაიწყო სამხედრო ოპერაცია ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ - რომლებსაც აშშ უჭერს მხარს. ჯანიკლის თქმით, ოპერაცია, რომელსაც ანკარა ამზადებდა, "დე ფაქტო" დაიწყო 19 იანვარს, თურქეთში განთავსებული სამხედროების მიერ საზღვრის მიღმა სროლით. ჯანიკლის თქმით, ანკარას "არჩევანი არ ჰქონდა" და მან "ყველა ტერორისტული ელემენტი უნდა გაანადგუროს" მოსაზღვრე, ჩრდილოეთ სირიაში. მან ასევე განაცხადა, ანკარა და მოსკოვი "გააგრძელებენ" მოლაპარაკებას სამხედრო ოპერაციის შესახებო. აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი, ხალხის დაცვის ქურთთა დანაყოფის (YPG) პრესმდივანმა დაადასტურა, რომ თურქეთის ძალებმა 19 იანვარს, შუაღამის შემდეგ ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს სირიის აფრინის რეგიონს. პრესმდივნის თქმით, თურქეთის სამიზნე ქურთთა სოფლებია და ქურთთა დანაყოფის მებრძოლები აფრინზე ნებისმიერ თავდასხმას "მაქსიმალური ძალით" უპასუხებენ. ერთი დღით ადრე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ გამოაცხადა, ანკარა მოსკოვთან და თეირანთან გაუწევს კოორდინაციას საჰაერო ოპერაციებს სირიის აფრინის რეგიონზეო.