ფრანგმა კინოვარსკვლავმა კატრინ დენევმა ბოდიში მოუხადა სექსუალური შევიწროების ყველა მსხვერპლს, რომელმაც თავი შეურაცხყოფილად იგრძნო გაზეთ „მონდში“ 10 იანვარს გამოქვეყნებული წერილით. ამ წერილში, რომელსაც ხელს აწერს 100-მდე ქალი, მათ შორის დენევი, გაკრიტიკებულია მასობრივი საზოგადოებრივი კამპანია #MeToo (მეც). ღია წერილის ხელმომწერთა აზრით, აქცია #MeToo „საჯარო დაბეზღებების კამპანიად“ გადაიქცა. დენევი და მისი თანამოაზრეები საჭიროდ მიიჩნევენ მამაკაცების „დაჟინებული ფლირტის“ უფლების დაცვას, თუმცა დანაშაულად მოიხსენიებენ გაუპატიურებას. ახლა კატრინ დენევმა გაზეთ „ლიბერასიონში“ გამოაქვეყნა კომენტარი, რომელშიც აღნიშნავს, რომ მის მიერ ხელმოწერილ წერილში არ არის გამართლებული სექსუალური შევიწროება. ასე რომ არ ყოფილიყო, წერილს ხელს არ მოვაწერდიო, აცხადებს მსახიობი. 2017 წლის ოქტომბერში ათობით ცნობილმა მსახიობმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა ჰოლივუდის პროდიუსერი ჰარვი უაინსტინი. ამის შემდეგ ბევრი გავლენიანი მამაკაცი, მათ შორის მსახიობები და პოლიტიკოსები, დაადანაშაულეს სექსუალურ შევიწროებაში. ტვიტერში ჩაისახა კამპანია #MeToo, რომელსაც მთელს მსოფლიოში შეუერთდა ასიათასობით ქალი თავისი გამოცდილების გასაზიარებლად.