პოლონეთი უკრაინის ომში გერმანიის ყოფილი კანცლერის გერჰარდ შრედერის როლს იძიებს. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური გამოცემა RMF FM საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, პოლონეთის პროკურატურამ გერმანიის ყოფილი კანცლერის გერჰარდ შრედერის მიმართ გამოძიება დაიწყო – მას უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრაში შრედერის როლი აინტერესებს. გამოძიებას პოლონეთის ეროვნული პროკურატურის მაზოვიეცის ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის განყოფილება აწარმოებს.
“გამოძიების მიერ მიღებული დოკუმენტების თანახმად, გერმანელ პოლიტიკოსს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში მისი თანამდებობები შესაძლოა ევროკავშირის ქვეყნებსა და უკრაინაზე ზეწოლისთვის გამოეყენებინა”, – წერს გამოცემა.
გამოცემის თანახმად, გამოძიება გაარკვევს რა როლი ითამაშა გერმანიის ყოფილმა კანცლერმა რუსეთის მიერ “შეჭრის მომზადებაში”, ვინაიდან მისი დაწყების მიუხედავად “შრედერი კრემლისგან არ დისტანცირდა და გააგრძელა რუსულ ენერგეტიკულ კომპანიებში თანამდებობების დაკავება”.