ოდესმე გქონიათ განცდა, რომ ერთი და იგივე ფიქრი გამუდმებით გიტევთ და თავს არ განებებთ? ფიქრი, რომელიც აკვიატებულად მეორდება და სევდიან, სტრესულ განწყობას გიქმნით. ამ პროცესს რუმინაცია ეწოდება. ეს ჩვევა, შესაძლოა, ძალიან სახიფათო აღმოჩნდეს ადამიანის მენტალური ჯანმრთელობისთვის, რადგან პიროვნების გარესამყაროსგან იზოლირების და დეპრესიის მიზეზი გახდეს.
ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის თანახმად, რუმინაციის გამომწვევი რამდენიმე ფაქტორი არსებობს. პირველი ის არის, რომ რუმინაციის დროს ადამიანი ფიქრობს, თუ პრობლემაზე დიდხანს და აკვიატებულად იფიქრებს, მაშინ არსებულ მდგომარეობას შეეგუება და მის არსს უკეთ ჩაწვდება. მეორე მიზეზი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტრამვა შეიძლება იყოს. ასევე მიმდინარე სტრესი, რომელსაც ვერ უმკლავდებით. რუმინაცია ყველაზე მეტად გავრცელებულია ადამიანებში, რომლებსაც პერფექციონიზმის სინდრომი აწუხებთ.
როდესაც ხვდებით, რომ რუმინაცია იწყება და ერთი და იმავე ფიქრი უკვე დიდი ხანია თავს გესხმით, გაანალიზების მომენტიდანვე ყურადღება გადაიტანეთ სხვა თემაზე ან ობიექტზე. დაურეკეთ მეგობარს ან ოჯახის წევრს. დაიწყეთ ფილმის ყურება ან წიგნის წაკითხვა. დახატეთ, ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო რამ. გაისეირნეთ ფეხით და დააკირდით გარშემო არსებულ საგნებს, შენობებს, ადამიანებს.
ნეგატიურ ფიქრს არჩიეთ პოზიტიური. უარყოფითი ფიქრი ზღვის უზარმაზარ ტალღას ჰგავს, რომელიც თქვენ წინაშეა აღმართული. გაქცევით თავს ვერ უშველით, თუმცა შეგიძლიათ გაცუროთ და თავი მის ზედაპირზე ამოჰყოთ. ყოველთვის, როცა არასასურველი ფიქრი შეგაწუხებთ, უბრალოდ დაბლოკეთ, გაუშვით, არ მისცეთ საშუალება, რომ წინადადება დასრულდეს. უკუაგდეთ და ნაცვლად ამისა იფიქრეთ სრულიად საპირისპიროზე.
აუცილებლად ესაუბრეთ ვინმეს თქვენი შინაგანი განცდების შესახებ. მეგობარს, ახლობელს, ოჯახის წევრს, მაგრამ თუ ხვდებით, რომ ეს საკმარისი არ არის, მიმართეთ სპეციალისტს. თერაპია თქვენს მონდომებასთან ერთად აუცილებლად დაგეხმარებათ პრობლემის დაძლევაში.
წყარო: Health Line
ფოტო: Power of Positivity