რუს ოლიგარქსა და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელს უკრაინის ომში ქალების გაგზავნა სურს. ამის შესახებ საუბარია მისი კომპანიის, კონკორდის პრესცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში.
პრიგოჟინი გამოეხმაურა სვერდლოვსკის ოლქის საკანონმდებლო ასამბლეის დეპუტატის, ვიაჩესლავ ვეგნერის წერილს. ვეგნერი პრიგოჟინს წერდა, რომ მან ჯერ კიდევ მარტში წამოაყენა იდეა, რომ ომში პატიმრები გაეგზავნათ, ახლა კი ერთ-ერთი ციხის ქალმა პატიმრებმა მას მიმართეს, რომ მზად არიან ფრონტზე წასასვლელად, ექიმებისა და მედდების სახით.
“ვთვლი, რომ მათ ჩვენი ქვეყნის დახმარება შეუძლიათ. გთხოვთ განიხილოთ ეს მომართვა”. – წერდა პრიგოჟინს ვეგნერი.
პრიგოჟინის გამოქვეყნებულ პასუხში ოლიგარქი ქალების ფრონტზე გაგზავნის იდეას ეთანხმება და სურს, რომ ისინი არა მხოლოდ მედდებისა და ექიმების, არამედ დივერსანტებისა და სნაიპერების როლითაც გაგზავნონ.
“აბსოლუტურად გეთანხმებით. არამხოლოდ მედდებად და სიგნალის გადმომცემებად, არამედ დივერსიული ჯგუფებისა და სნაიპერი წყვილების სახითაც. ყველასთვის ცნობილია, რომ ეს ფართოდ გამოიყენებოდა. ვმუშაობთ ამ მიმართულებით. არის წინააღმდეგობა, მაგრამ, ვფიქრობ, გავიტანთ”. – უპასუხა პრიგოჟინმა დეპუტატს.
გასულ თვეებში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებს ვაგნერის ჯგუფში გაწევრიანებას სთავაზობდა. როგორც ბრიტანეთის დაზვერვა იუწყება, ვაგნერის ჯგუფში რეკრუტირებულ პატიმრებს განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობიან, დავალებაზე გაგზავნის დროს დრონებით აკონტროლებენ და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სიკვდილით სჯიან.