კობახიძის თქმით, უკრაინის ხელისუფლებას სურს საქართველო გახდეს მეორე ფრონტი
„კიდევ ერთხელ მოხდა იმის აფიშირება, რასაც ამდენი ხანია ვამბობთ. არის პირდაპირი გამოხატული სურვილი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რომ საქართველო გახდეს მეორე ფრონტი, რაც კიდევ ერთხელ გაიმეორა, სამწუხაროდ, კასიანოვმა. საზოგადოებამ უნდა განსაჯოს ეს ყველაფერი, რამდენად სწორია ეს დამოკიდებულება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან“, - თქვა კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
21 ივლისს კასიანოვმა განაცხადა: „დღეს, როდესაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო მშვიდობიან უკრაინულ მიწაზე, გვქონდა მოლოდინი. რომ საქართველო მიბაძავდა უკრაინას და უფრო ეფექტურ დახმარებას გაუწევდა, სამწუხაროდ ეს არ მოხდა და სამწუხაროდ, არ დაემთხვა ჩვენი წარმოდგენა იმაზე თუ რა არის სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი ძმური ურთიერთობის გამოცდილება გვაძლევს აბსოლუტურ რწმენას, რომ უკრაინა და საქართველო მეგობარ ქვეყნებთან ერთად განაგრძობენ წინსვლას, ჩვენი ხალხის ნათელი მომავლისთვის“.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით ისინი მაქსიმალურს აკეთებენ ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე უკრაინის მხარდასაჭერად. მათ შორის იგულისხმება ჰუმანიტარული და სამართლებრივი მხარდაჭერა. საქართველო, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით" არ შეუერთდა რუსეთისადმი დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს.