იტალიის სენატმა ნდობა გამოუცხადა მთავრობას, მაგრამ პრემიერ-მინისტრი შეიძლება მაინც გადადგეს
იტალიაში სამთავრობო კრიზისი გასულ კვირაში დაიწყო, როცა მმართველ კოალიციაში შემავალმა პარტია „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ“ ერთ-ერთ კენჭისყრაზე უარი თქვა მთავრობის მხარდაჭერაზე. ამის შემდეგ დრაგიმ გადადგომა მოითხოვა, რაც არ მიიღო პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ.
გასულ ხუთშაბათს სენატში მთავრობას ნდობის ვოტუმი გამოუცხადა 172-მა სენატორმა, 39 წინააღმდეგი იყო. დღევანდელ კენჭისყრაში ნდობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა თითქმის ორჯერ ნაკლებმა, 95-მა სენატორმა. ეს იმიტომ მოხდა, რომ „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ გარდა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა მმართველი კოალიციის კიდევ ორმა პარტიამ - მემარჯვენე-პოპულისტურმა „ლიგამ“ და მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ „წინ, იტალია!“
დრაგის მიზანი იყო, შეენარჩუნებინა ფართო კოალიცია, რომელიც გასული წლის დასაწყისში შეიქმნა, როცა ის მთავრობას ჩაუდგა სათავეში. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, მან ეს ვერ მოახერხა. ფორმალურად არცერთ პარტიას არ განუცხადებია, რომ კაბინეტიდან გადის, მაგრამ ცხადია, რომ პრემიერს უკვე აღარ შეუძლია მთავრობაში შემავალ ზოგიერთ პარტიაზე დაყრდნობა.
თუკი დრაგი უახლოეს მომავალში გადადგება, ქვეყანას, როგორც ჩანს, რიგგარეშე არჩევნები ელოდება შემოდგომაზე, ვინაიდან არაა სავარაუდო, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა შეძლებს კაბინეტის ფორმირებას.
ამჟამინდელ კოალიციაში დავის ერთ-ერთი მიზეზია რუსეთთან ომში უკრაინის მხარდაჭერის გარშემო უთანხმოება. დრაგი მოსკოვის მიმართ მკაცრი პოლიტიკის მომხრეა. მისი ოპონენტები, განსაკუთრებით „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობაში“, ბევრად უფრო ნაკლებად ცალსახა პოზიციაზე არიან.