ალექსეი ნავალნის პირველი საყვედური გამოუცხადეს ახალ კოლონიაში გადაყვანის შემდეგ
მისი თქმით, მთლიანობაში მას გამოუცხადეს 30 საყვედური, რომლებიც უნდა გაუქმებულიყო 30 აგვისტოს - უკანასკნელი საყვედურიდან ერთი წლის გავლის შემდეგ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ახალ კოლონიაში გადაყვანის წინ ნავალნიზე შეადგინეს მორიგი რაპორტი, თითქოს ტანსაცმლის ფორმის დარღვევისთვის: დილით პოლიტიკოსი პირის დასაბანად მაისურში გავიდა და არა ციხის პერანგში.
„რომ მიხვდეთ, რაშია საქმე: დილის 6.30-ზე ყველა პატიმარი იბანს და იპარსავს და სააბაზანოში მაისურებით მიდიან. მაგრამ მე სახიფათოდ წავედი! მე წავედი, როგორც ექსტრემისტი და ჩემი მაისური არსებულ ხელისუფლებას ემუქრებოდა. ამიტომ ჩემმა ახალმა ზონამ განიხილა ძველი ზონის წერილი, გამომიძახა კომისიაზე, გამკიცხა ასეთი აღვირახსნილობისთვის და ახალი საყვედური გამომიცხადა. ასე რომ, ჩემი წინა 30 საყვედურიც ჩემთანაა კიდევ ერთი წლით“, - დაწერა ნავალნიმ.
ოპოზიციონერის სიტყვებით, ახლა ის ნებისმიერ მომენტში შეიძლება მიიჩნიონ გამოუსწორებელ დამრღვევად და გაგზავნონ საჯარიმო იზოლატორში, „სადაც იოლია მოკვდე ‘ფილტვების ანთებით’ ან საწოლიდან გადმოვარდები და კისერი მოიტეხო.“
მელეხოვოს ნომერი 6 კოლონიის პატიმრებს არაერთხელ დაუჩივლიათ წამების შესახებ. შარშან მარტში „მედიაზონამ“ გამოაქვეყნა ნაწყვეტები ყოფილი პატიმრის, ივან ფომინის წერილებიდან, რომლებშიც ის აღწერს ცემის, წამებისა და სექსუალური ძალადობის შემთხვევებს. ნავალნიმ ჯერ კიდევ გაზაფხულზე შეიტყო, რომ მელეხოვოში გადაყვანას უპირებდნენ. როგორც მაშინ აცხადებდა, პატიმრებმა მას შეატყობინეს, რომ ამ კოლონიაში ოპოზიციონერისთვის ამზადებენ „ციხეს ციხეში“.