Milliyet-ი: მომავალ კვირაში შესაძლოა გაიმართოს უკრაინის მარცვლეულზე მოლაპარაკებები
მოლაპარაკებებში მონაწილე ჯგუფის შემადგენლობა ჯერჯერობით უცნობია. გამოცემა წერს, რომ შეხვედრაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკომა დაადასტურა თურქეთთან კონტაქტები უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის საკითხზე და დასძინა, რომ მოლაპარაკებები თავდაცვის სამინისტროს ხაზით გაიმართება.
გაეროს პრესსამსახურში ჯერჯერობით არ ასახელებენ შესაძლო მოლაპარაკებების კონკრეტულ თარიღს. უკრაინის მხარეს ჯერ არ გაუკეთებია ვითარებაზე კომენტარი, მაგრამ ადრე გამოხატა შეშფოთება, რომ რუსეთმა შეიძლება პორტების განბლოკვით ისარგებლოს ოდესაზე თავდასხმისთვის.
მარცვლეულის ექსპორტის მიხედვით უკრაინა მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ქვეყანაა. 2021 წელს მან თითქმის 45 მილიონი ტონა მარცვლეული და პარკოსან-მარცვლეული კულტურები გაყიდა.
დღეისთვის უკრაინა ვერ ახერხებს 22 მილიონამდე ტონა მარცვლეულის ექსპორტს, ვინაიდან რუსეთის მიერ ბლოკადაშია მოქცეული მისი შავიზღვისპირა პორტები. გაეროს წარმომადგენელმა მაურიციო მარტინამ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ შესაძლოა 18 მილიონით - 218 მილიონ ადამიანამდე - გაზარდოს მსოფლიოში მოშიმშილეთა რიცხვი.
13 ივნისს უკრაინამ ევროკავშირში მარცვლეულის პირველი პარტია გაგზავნა ექსპორტზე ახალი საზღვაო მარშრუტით ბალტიის ზღვის გავლით.