მოსკოვში გაიმართა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ფედერაციის სამთავრობო დელეგაციების შეხვედრა ოკუპირებული რეგიონის და რუსეთის გაერთიანების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის საკითხზე, - 14 ივნისს გამართული შეხვედრის შესახებ იუწყება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსამსახური.
„შეხვედრის შედეგების შესახებ ცხინვალში გაიმართება პრესკონფერენცია. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის მიერ ასევე გაკეთდება ერთობლივი განცხადება", - აღნიშნავენ პრესსამსახურში.
სამხრეთ ოსეთის ე.წ. დელეგაციას დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ალან ტადტაევი, ე.წ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ოლესია კოჩიევა, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალან ჯიოევი, დე ფაქტო პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველი კონსტანტინე კოჩიევი, ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ემილია გაგიევი, საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ელჩი რუსეთის ფედერაციაში ზნაურ გასიევი.
რუსულ მხარეს წარმოადგენდნენ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დმიტრი კოზაკი, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე კოსაჩევი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო და მარატ კულახმეტოვი, რუსეთის ელჩი ე.წ სამხრეთ ოსეთში.
მანამდე დე ფაქტო პრეზიდენტს, ალან გაგლოევს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უმასპინძლა. დე ფაქტო რესპუბლიკის ახლად არჩეული ე.წ. პრეზიდენტის უფლებამოსილების დაწყების შემდეგ, ეს არის ალან გაგლოევის პირველი ვიზიტი მოსკოვში. ასეთ დროს ოკუპირებული რეგიონების ახლად არჩეულ ხელმძღვანელებს რუსეთის პრეზიდენტი მასპინძლობს ხოლმე, თუმცა გაგლოევს პუტინი არ შეხვედრია. ე.წ. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ალან გაგლოევმა, წინამორბედის ანატოლი ბიბილოვის ე.წ. რეფერენდუმის შესახებ მიღებული, 13 მაისის დადგენილება შეაჩერა და შექმნა საკონსულტაციო კომისია. სწორედ ამ კომისიასთან ერთად იმყოფებოდა გაგლოევი მოსკოვში.
რუსეთთან გაერთიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების შესახებ განკარგულებას 13 მაისს მოაწერა ხელი მაშინდელმა ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა. დოკუმენტის მიხედვით, ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს უნდა გამართულიყო, თუმცა კრემლიდან დე ფაქტო ხელისუფლებამ არაერთხელ მიიღო გზავნილი, რომ ახლა ამის დრო არ იყო.