ჩვენ გვაქვს რწმენა იმისა, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი. აქედან გამომდინარე, თუ გადაწყვეტილება უსამართლო იქნება, ეს ჩვენი მხრიდან მძიმე რეაქციას გამოიწვევს, ვგულისხმობ განწყობას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მან კომენტარი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე გააკეთა.
ჩვენ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს. სამართლიანად თუ განიხილება ეს საკითხი, ჩვენ კანდიდატის სტატუსი, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში გვეკუთვნის. ერთი რომ გვეკუთვნის და მეორე, რომ გვეკუთვნის უკრაინასა და მოლდოვაზე მეტად. ეს არის რეალობა. ეს არის მოცემულობა, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ევროკავშირის გადასაწყვეტია და ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მთავარია, ეს გადაწყვეტილება არ იყოს ისეთი უსამართლო, როგორიც იყო რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტის რეზოლუცია, თავისი სხვადასხვა პუნქტით, – განაცხადა კობახიძემ.
თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, საბჭომ გაიმეოროს იგივე, რაც თქვა ევროპარლამენტმა, ამას რა რეაქცია უნდა მოჰყვეს, წინასწარ ამაზე ლაპარაკი მიჭირს. გავიხსენოთ, რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში – ჩვენ უნდა გავუშვათ სააკაშვილი და გვარამია, უნდა დავსაჯოთ, სანქციები დავუწესოთ ბიძინა ივანიშვილს. წარმოიდგინეთ, თეორიულად ასეთი რამ რომ გაიმეოროს კომისიამ და საბჭომ – რა თქმა უნდა, ჩვენი მხირდან ამას, ბუნებრივია, ექნება ძალიან მძიმე რეაქცია.
ასევე იმაზე უნდა ვიმსჯელოთ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, ევროპარლამენტი კიდევ ევროპარლამენტია, მაგრამ აღმასრულებელმა სტრუქტურებმა ამ მიმართულებით თუნდაც ამის მეათედი რომ თქვან, ჩვენთვის ეს იქნება ძალიან მძიმედ მისაღები.
ერთს ვიტყვი, რომ სანამ უკრაინაში ომი გრძელდება, მანამდე ასეთი პატარა უხერხულობები გვექნება ჩვენს პარტნიორებთან, თუმცა, როგორც კი ეს ომი დასრულდება, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ყველაფერს შეაფასებს და დააფასებს იმასაც, რომ ჩვენ ჩვენი პატარა ქვეყანა დავიცავით და არ გავწირეთ განადგურებისთვის, ძალიან მარტივად და პირდაპირ რომ ითქვას, განაცხადა კობახიძემ.