ჭადრაკის რუს დიდოსტატს ფიდემ დისკვალიფიკაცია მისცა, რადგან უკრაინაში ომს მხარს უჭერს
სასჯელი დაკავშირებულია იმასთან, რომ კარიაკინმა საჯაროდ დაუჭირა მხარი რუსეთის შეიარაღებულ შეჭრას უკრაინაში და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს და აგრძელებდა მის მხარდაჭერას მიუხედავად იმისა, რომ ფიდემ ეს დაგმო.
რუსი დიდოსტატის ტელეგრამის არხზე, სახელწოდებით "ჭადრაკის პატრიოტიზმი", რეგულარულად ჩნდება ომის მხარდამჭერი პოსტები. კერძოდ, 21 მარტს გამოქვეყნდა "მიმართვა ადეკვატური უკრაინელებისადმი", რომელშიც კარიაკინი ფაქტობრივად, დანებებისკენ მოუწოდებს უკრაინას და აცხადებს, რომ მას არ აქვს გამარჯვების შანსი.
კარიაკინის დისკვალიფიკაცია მას არ მისცემს საშუალებას, ითამაშოს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად კანდიდატთა ტურნირში, რომელიც 16 ივნისიდან 7 ივლისამდე ჩატარდება. მანამდე კარიაკინმა უკვე ითამაშა მსოფლიო პირველობის მატჩში და დამარცხდა ჩემპიონ მაგნუს კარლსენთან. ფიდემ რუსი და ბელარუსი მოჭადრაკეები შეჯიბრებებიდან არ მოხსნა, მაგრამ დაავალდებულა ისინი, ნეიტრალური დროშის ქვეშ გამოსულიყვნენ.
ფიდეს პრეზიდენტმა - ყოფილმა რუსმა მაღალჩინოსანმა, არკადი დვორკოვიჩმა - დაგმო ომი და მშვიდობის მხარე დაიცვა, თუმცა პირდაპირ არ განუცხადებია აგრესიაზე რუსეთის პასუხისმგებლობის შესახებ. მან ასევე სიტყვიერად მხარი დაუჭირა უკრაინელ მოჭადრაკეებს. ამ სიტყვებმა "ერთიანი რუსეთის" ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ანდრეი ტურჩაკის, მწვავე რეაქცია გამოიწვია. მან დვორკოვიჩი "ეროვნულ ღალატში" დაადანაშაულა. ამის შემდეგ დვორკოვიჩმა დატოვა "სკოლკოვოს" ფონდის პრეზიდენტის თანამდებობა.