ყაზახეთში თანხების მითვისების ეჭვით დააკავეს ნაზარბაევის ძმისშვილი
სატიბალდიული ნაზარბაევის უმცროსი ძმის შვილია და Forbes Kazakhstan-ის თანახმად, ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენების სიაში შედის. მისი ქონება 163 მილიონ დოლარადაა შეფასებული. იუწყებიან, რომ ბიზნესმენი მოხსენიებულია ერთადერთ დამფუძნებლად ოფშორული კომპანიისა Skyline Investment Company S.A., რომელიც "ყაზახტელეკომის" აქციების თითქმის მეოთხედს ფლობს. მანამდე სატიბალდიული მუშაობდა სახელმწიფო სამსახურში.
იანვრის დასაწყისში ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, გათხიერებული გაზის ფასის მკვეთრად გაზრდის შემდეგ - რითიც რეგიონში მანქანების უმეტესობა მოძრაობს. დემონსტრანტები პირველ ეტაპზე საწვავის ფასის დაკლებას ითხოვდნენ, შემდეგ კი მათი მოთხოვნები პოლიტიკური გახდა.
ოფიციალური მონაცემებით, იანვრის მოვლენებს სულ მცირე 227 ადამიანი ემსხვერპლა, ათასობთ პირი დააპატიმრეს, ასობით მოქალაქეს ბრალი დასდეს ტერორიზმში, მასობრივი არეულობის გამოწვევაში, იარაღის გატაცებაში და სხვა დანაშაულებში. დაპატიმრებულთაგან ბევრი წამების შესახებ აცხადებდა.
28 იანვარს ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა, ნაზარბაევმა დატოვა მმართველი პარტიის, "ნურ ოტანის" თავმჯდომარის პოსტი, რომელზეც 23 წელი მუშაობდა. მოგვიანებით მოქმედმა პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ნაზარბაევი გაათავისუფლა უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან და თავად ჩაუდგა სათავეში მმართველ პარტიას, პარლამენტმა კი მიიღო შესწორება, რომლითაც გაუქმდა პოლიტიკის მთავარი მიმართულებების ნაზარბაევთან შეთანხმების ვალდებულება. ამასთან, ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილმა, დარიგა ჰაზარბაევამ დატოვა პარლამენტის დეპუტატის მანდატი. თანამდებობები დაკარგა ნაზარბაევთან დაკავშირებულმა კიდევ რამდენიმე პირმა.