„სენსაციური ისტორია“ - ასე დაასათაურა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერილი სტატუსი, რომელიც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მძიმეწონოსანს (+100 კგ) - საბა ინანეიშვილს მიუძღვნა. 20 წლის საბა 9 ოქტომბერს, იტალიაში, ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და მისი გამარჯვებით დარბაზში გაიხარა დედამ, რომელიც იტალიაში ცხოვრობს.
„დედა და შვილი ერთმანეთს ხუთწლიანი განშორების შემდეგ შეხვდნენ. ხუთი წლის წინ, გვანცა ჭანტურიძე მილანში ჩავიდა. ეს არ იყო გასეირნება და მოგზაურობა უცხოეთში. ასე აუცილებლობის გამო მოიქცა. დატოვა ოჯახი და მას შემდეგ, იტალიაში მუშაობს, რათა საქართველოში დარჩენილ ოჯახის წევრებს ფინანსურად დაეხმაროს. ყოველთვიურად უგზავნის ფულს ოჯახის წევრებს, რომლებსაც მხოლოდ ტელეფონით და მიმოწერით ეკონტაქტება. ის ყურადღებით ადევნებს თვალყურს შვილის - საბა ინანეიშვილის სპორტულ კარიერას“ - წერია ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სტატუსში. ასევე გამოქვეყნებულია ფოტოები, რომელშიც დარბაზში მყოფი დედა-შვილის სიხარული ჩანს.
საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, იტალიის ქალაქ ოლბიაში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა. აქედან ოთხი - ოქროსი. საბა ინანეიშვილის გარდა, მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ: გიორგი სარდალაშვილი (60 კგ), გიორგი შერაზადიშვილი (81 კგ) და ილია სულამანიძე (100 კგ) ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.