შსს: მოვუწოდეთ, თავი შეეკავებინათ ნარკოტიკული საშუალებების პოპულარიზაციისგან
განცხადების თანახმად, გამოძიება დაიწყო 2018 წლის 13 ოქტომბერს, „გირჩის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 273 პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, რაც მცენარე კანაფის/მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.
"ფესტივალის ორგანიზატორებს მოვუწოდეთ, თავი შეეკავებინათ ნარკოტიკული საშუალებების პოპულარიზაციის, სამართალდარღვევების ჩადენის წახალისების და ღონისძიების ორგანიზებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდარღვევის ჩამდენი ნებისმიერი პირის (მათ შორის "გირჩის" წარმომადგენლების თუ პრეზიდენტობის კანდიდატის) მიმართ გამოყენებული იქნებოდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები...
საჯარო სივრცეში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების, პოპულარიზაციის და გასაღების ნებისმიერი მსგავსი მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი სამართალდამცველების მიერ. სწორედ, ამ მიზანს ემსახურება სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტში განიხილება და რომელიც მარიხუანას მოხმარებას მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს". - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
30 ოქტომბერს "კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე" პოლიციამ დააკავა პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე და ათამდე სხვა პირი. რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ ყველა დაკავებული გაათავისუფლეს.
დაკავებამდე "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ შეკრებილებს მიმართა. მისი განცხადებით, კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში ერთი მოსმენით უკვე მიიღეს და დარჩა ორი მოსმენა, სიტუაციას კიდევ უფრო გააუარესებს.