ექსპერტების დასკვნით, ტყიბულის შახტში აპრილში მომხდარი ტრაგედია სამთო დარტყმას არ გამოუწვევია
ამასთან, პროფკავშირების განმარტებით, აპრილის ბოლოს ჩატარებული მოკვლევის შედეგად მომზადებული 21 გვერდიანი დასკვნა ნაწილობრივ იძლევა პასუხს მთავარ შეკითხვაზე, თუ რა გახდა შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზი. პროფკავშირების განცხადებით, დასკვნა არასრულყოფილია, რადგან მკვლევრებს დასახული ამოცანების გადაწყვეტის პროცესში ხელს უშლიდა საწარმოში გარკვეული დოკუმენტების არარსებობა, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოღებულია საგამოძიებო ორგანოების მიერ, ხოლო პირველადი ინფორმაციის ნაწილი და სამთო სამუშაოების წარმოების ცალკეული პარამეტრები, რომელთა საფუძველზეც ანგარიში მომზადდა, მოპოვებულია ზეპირი ფორმით საწარმოს ოფიციალური წარმომადგენლებისაგან და უბედური შემთხვევის ადგილის დათვალიერებით.
პროფკავშირების ინფორმაციით, ექსპერტებმა შახტის ადმინისტრაციას უკვე გაუგზავნეს რეკომენდაციების ნუსხა, რომელთა ნაწილის შესრულება უკვე დაიწყო, კერძოდ, დამონტაჟდა და ექსპლუატაციაში შევიდა აირების კონცენტრაციის მუდმივ რეჟიმში ინდიკაციის და რეგისტრაციის სტაციონარული სისტემა და საამფეთქებლო და სხვა სამუშაოების წარმოების პროცესში დასაქმებულთა გადაადგილების დისტანციური კონტროლის მექანიზმი.
ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში უბედური შემთხვევა 5 აპრილს, გამთენიისას მოხდა. დაიღუპა 6 და დაშავდა 3 მაღაროელი.