დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გამოაქვეყნა მოხსენება: „მოსკოვის ოქრო: რუსული კორუფცია დიდ ბრიტანეთში.“ დოკუმენტის თანახმად, ზიანი, რომელიც შესაძლოა, დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკას მიაყენოს რუსულმა „ბინძურმა ფულმა,“ სრულიად უმნიშვნელოს ხდის ლონდონში განხორციელებული რუსული ტრანზაქციებით მიღებულ სარგებელს. თემთა პალატის კომიტეტი აღნიშნავს, რომ დაუშვებელია თვალის დახუჭვა კლეპტოკრატებზე პუტინის გარემოცვიდან და ადამიანის უფლებების დამრღვევებზე, რომლებიც ფულის გათეთრებით ასუსტებენ ბრიტანული ინსტიტუტებისადმი ნდობას და ალიანსებს. მოხსენების თანახმად, კრემლთან დაკავშირებული პირების მიერ კორუფციული აქტივებისთვის ლონდონის გამოყენება ემუქრება დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოებას, ამიტომ გაერთიანებულმა სამეფომ უნდა შეიმუშაოს ერთიანი სტრატეგია, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის პოლიტიკურ რეჟიმს და გააძლიეროს ფინანსური ზეწოლა ვლადიმირ პუტინსა და მის გარემოცვაზე. თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ერთ-ერთი წინადადებაა, რომ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირთან და აშშ-თან ერთად აკრძალოს რუსული ობლიგაციების გაყიდვა.