113 ადამიანამდე გაიზარდა რუსეთის მიერ ზაპოროჟიეზე მართული ავიაბომბებით განხორციელებული დარტყმის შედეგად დაჭრილთა რაოდენობა. საავადმყოფოებში გადაყვანილია 59 დაჭრილი, მათგან ათი მძიმე მდგომარეობაშია - იუწყება ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია.
დაღუპულია 13 ადამიანი.
ქალაქ ზაპოროჟიეზე იერიში მიიტანეს ოთხშაბათს, 8 იანვარს, ადგილობრივი დროით დაახლოებით დღის 4 საათზე. დარტყმა განხორციელდა ქუჩაზე, სადაც ქვეითების და ტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობა იყო. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, საწარმო და ქალაქის სხვა ინფრასტრუქტურა.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტო- და ვიდეომასალა, რომლებზეც ასახულია იერიშის შედეგები, მათ შორის დაღუპული და დაჭრილი ადამიანები და ხანძარი, რომელიც ადმინისტრაციულ შენობას გაუჩნდა.
ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. "არაფერია იმაზე სასტიკი, როგორიცაა ავიაბომბები ქალაქზე, იმის გაცნობიერებით, რომ დაზიანდებიან ჩვეულებრივი, სამოქალაქო პირები", - წერს პრეზიდენტი.
ზაპოროჟიეში გლოვაა გამოცხადებული.
რუსეთის ხელისუფლებას განცხადება არ გაუვრცელებია დარტყმის შესახებ ცნობებზე.
ზაპოროჟიეს რამდენიმე ათეული კილომეტრი აშორებს ფრონტის ხაზს და ის რეგულარულად ხდება რუსეთის დარტყმების სამიზნე. ერთ-ერთი დარტყმა ახალი წლის ღამესაც განხორციელდა.