შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი შაიშმელაშვილი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში იმ სისტემურ პრობლემებზე საუბრობს, რამაც თავი იჩინა ბოლო წლებში საპროტესტო აქციების დაშლისას. მისი შეფასებით, სისტემა რომლის დეცენტრალიზებულ მართვის მოდელზე გადასვლის მცდელობებიც არსებობდა, დღეს სრულიად ერთპიროვნულად იმართება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში თითქმის არ არიან ჩართული ის ადამიანები, ვისაც შესაბამისი წვრთნა აქვს გავლილი და კომპეტენცია გააჩნია.
შაიშმელაშვილი, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტრო 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში დატოვა და მალევე შეერთებულ შტატებში გაემგზავრა ოჯახთან ერთად, ამბობს რომ 28 ნოემბრიდან გაუმართლებლად დიდი რაოდენობის სამართალდამცველს იყენებს სახელმწიფო დემონსტრანტების წინააღმდეგ.
"დღეს აქციაზე მილიონი ადამიანი რომ იდგეს და პოლიციას დასჭირდეს აღადგინოს საზოგადოებრივი წესრიგი, აღადგენს წესრიგს იმ კანონმდებლობის ფარგლებში, რაც არსებობს. არ არის საჭირო იმდენი ხალხი, რამდენიც იყო დეკემბერში, იმაზე ოთხჯერ და ხუთჯერ მეტი რაოდენობა იყო ჩართული, ვიდრე საჭიროა. თანამშრომელთა გადაღლას იწვევს უსაშველოდ დიდი რაოდენობა როცა გამოჰყავთ, ბოლო დღეებში ჩამნაცვლებელიც აღარ ჰყავდათ. ერთი რომ ამდენი პოლიციელი ერთმანეთს ხელს უშლიდა, თუ სწორად განახორციელებ ამ საპოლიციო ღონისძიებებს, მაგის ერთი მესამედიც საკმარისია - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაახლოებით 400-500 თანამშრომელია საჭირო სულ რომ სავსე იყოს რუსთაველის გამზირი, იმის გასათავისუფლებლად.
დღეს რაც ხდება, არის ძალიან ბევრი პოლიციელი, რომელიც ორიენტირებულია არა სამოქალაქო წესრიგის აღდგენაზე, არამედ მოქალაქეების დაკავებაზე, ამ მოქალაქეების ცემაზე. ძირს აგდია ადამიანი და 10-15 ადამიანი ურტყამს - ეს საპოლიციო ღონისძიება არ არის, ამას ჩადის ცალკეული ვიგინდარების ჯგუფი და სისტემაში მომუშავე ადამიანებს აყენებს უდიდეს შეურაცხყოფას. ლაფი ესხმება ამხელა სისტემას" - ამბობს შაიშმელაშვილი, რომელიც თვლის, რომ მთავრობამ პოლიციის თანამშრომლები მარტო დატოვა გაბრაზებული მოქალაქეების წინააღმდეგ და ამ გზით ცდილობს საკუთარი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.
შაიშმელაშვილი არ პასუხობს კითხვას, მონაწილეობდნენ თუ არა აქციების დაშლაში ისეთი პირები, ვინც შეიძლება არ იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მაგრამ ამბობს, რომ გადაწყვეტილებების აქციების დაშლის შესახებ მხოლოდ განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი იღებს, რომელიც თავის მხრივ სისტემაში თავის ზემდგომად მხოლოდ მინისტრ ვახტანგ გომელაურს აღიარებს.
"დაკავების კურსები არსებობს სპეციალური, 2021 წლის ოქტომბრიდან დაიწყო იმ ხალხის ჩანაცვლება, ვისაც ეს კურსები ჰქონდა გავლილი და დღეს თითქმის არც ერთი აღარ არის ისეთ პოზიციაზე, ვისაც შეუძლია რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს. ზვიად ხარაზიშვილმა [განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი - რ.თ] მთლიანად ამოცვალა ეს ხალხი და თავისი ნდობით აღჭურვილი ხალხით ჩაანაცვლა. მათ აღარ უსმენენ, არაფერს არ ეკითხებიან - ამ ხალხმა რომ გასცეს რეკომენდაცია და რჩევა, ამათთვის ეს არის შეურაცხყოფა, რას ჰქვია შენ მე მისწორებ რამეს როგორ გავაკეთო? ამათ ხომ ყველაფერი იციან" - ამბობს ირაკლი შაიშმელაშვილი. მისივე მტკიცებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მკვეთრად მოიმატა თანამშრომელთა რაოდენობამ - მისივე თქმით, ახალი კადრების აყვანისას მნიშვნელობა აქვს არა მათ კვალიფიკაციას, არამედ მათ ერთგულებას ხელმძღვანელობისადმი.
"2022 წლიდან შტატები გაზარდეს, თანამშრომელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა - ძალიან დიდი რაოდენობით გაიზარდა, შარშან კიდევ უფრო მოიმატა. არანორმალური სისწრაფით გაზარდეს საშტატო ერთეულები და მერე გადაუდებელი საჭიროებით იყიდეს წყლის ჭავლის მანქანები" - ამბობს ის რადიო თავისუფლებისთვის საქართველოდან წასვლის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში.
პოლიციის კაპიტანი შეერთებულ შტატებში სპეციალური პროტოკოლით იმყოფება - მიუხედავად იმისა, რომ მას ყველა ბიუროკრატიული პროცედურის გავლა ჩვეულებრივ მოუწევს, როგორც ყველა ემიგრანტს საცხოვრებელი თუ სამუშაო ვიზების მიღებისა და სხვა საკითხების მოგვარებისთვის, შტატებმა მის უსაფრთხოებაზე ზრუნვა ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას აიღო საკუთარ თავზე და ეს პროცესი ჯერაც გრძელდება. პროტოკოლი მოიცავს ინფორმაციის გაცვლისთვის თანამშრომლობასაც - ირაკლის საჯარო აქტიურობაც და პარტნიორებთან თანამშრომლობაც სისტემის მხილებას ემსახურება.