გერმანიამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა 9 პირს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციონერების მიმართ ძალადობაზე. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს პლატფორმა X-ზე.
"მშვიდობიანი პროტესტის უფლება ადამიანის ერთ-ერთი უნივერსალური უფლებაა - მისი დაცვა ჩვენი პასუხისმგებლობაა", - წერია განცხადებაში.
მანამდე, ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რიტაც შეშფოთება გამოხატეს საქართველოში შექმნილი კრიზისის გამო და მოუწოდეს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, შეცვალონ კურსი.
"OSCE/ODIHR-ის საბოლოო ანგარიში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საქართველოში ადასტურებს ჩვენს შეშფოთებას საარჩევნო პროცესის პატიოსნად ჩატარებასთან დაკავშირებით, ფართოდ გავრცელებული დარღვევებითა და არასათანადო გამოძიებებით", - წერია განცხადებაში, რითაც ისინი მოუწოდებენ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, ჩაერთონ დიალოგში.
"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში, ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან არსებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნისა და ქართული დემოკრატიის მიმართ საზოგადოების ნდობის აღდგენის მიზნით.
OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციების შესრულების მოწოდება, მათ შორის ახალი არჩევნების შესაძლებლობა, რომელიც ქართული საზოგადოების ნაწილისგან მოდის, იმსახურებს ხელისუფლების მხრიდან ყურადღებას, ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დიალოგში ჩართვით".
28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას ამცნო, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ამ გადაწყვეტილებამ ათასობით ადამიანი გამოიყვანა დედაქალაქის ქუჩებში. პროევროპული აქციები ისევ გრძელდება.
პოლიციამ დააკავა 500-მდე დემონსტრანტი, მათ შორის 44 სისხლის სამართლის წესით, რაც ნიშნავს, რომ მათ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. პოლიციამ იძალადა აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე. ამ დრომდე არ არის ცნობილი რომელიმე სამართალდამცავის დაკავების შესახებ.
დემონსტრანტები ხელისუფლებისგან ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.